როგორ იღებენ საქართველოში ავტორები ჰონორარს - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა და შედეგები

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოში ავტორების მიერ გამომუშავებული წლიური ჰონორარი დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა.

თუ 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 250 000 ლარს არ აღემატებოდა, 2018 წელს ჰონორარმა 5 100 000 ლარს მიაღწია. გაზრდილია საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის წევრების რაოდენობაც. თუ 2012 წელს ასოციაციის რიგებში 500 წევრამდე ფიქსირდებოდა, ახლა ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა.

აღნიშნული შედეგი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სწორი და მიზანმიმართული საქმიანობის შედეგია. ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და ფუნქციონირებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მას აქვს საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი და იგი ამ სტატუსის მქონე ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში. ძირითადი ფუნქცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვაა. ასოციაცია დაფუძნებულია თავად უფლებისმფლობელების ანუ ავტორების, შემსრულებლების მიერ და ამ ასოციაციას გადაცემული აქვს სამართავად საავტორო და მომიჯნავე უფლებები ამ უფლების მფლობელებისგან. სამართავად გადაცემა ნიშნავს იმას, რომ ასოციაცია ამ უფლების მფლობელების სახელით მოსარგებლეებზე გასცემს ნებართვებს, ანუ ლიცენზიებს, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. შემდგომში გადახდილი საზღაური ნაწილდება ამ ასოციაციის წევრებს შორის. რაც უფრო პოპულარული და გაყიდვადია ნაწარმოები, მით უფრო მეტი ხვდება მის ავტორს შეგროვებული ჰონორარიდან.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის განმარტებით, ასოციაცია მთელი მსოფლიოს უფლებისდამცველებს წარმოადგენს და ეს ერთი მარტივი პრინციპის დაცვით ხდება.

„ყველა ქვეყანაში არსებობს მსგავსი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე აკონტროლოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების გამოყენება. ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ ხელშეკრულებით, რომელსაც რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება ჰქვია. ანუ, ერთი მხრივ, თითოეული ასეთი ორგანიზაცია გადასცემს დანარჩენ ორგანიზაციებს უფლებას, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების ასოციაციებმა წარმოადგინონ ადგილობრივი რეპერტუარი და მეორე მხრივ, იღებს ვალდებულებას, რომ დანარჩენი მსოფლიოს რეპერტუარი მართოს საკუთარ ტერიტორიაზე. მოკლედ, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვმართოთ მთელი მსოფლიოს რეპერტუარი საქართველოს ტერიტორიაზე და მათი სახელით გავცეთ ნებართვები. მსოფლიო მასშტაბით ამ მხრივ გვაქვს 202 ხელშეკრულება. ეს არის 5 მილიონზე მეტი ავტორი და შემსრულებელი, რამდენიმე ასეული მილიონი ნაწარმოები,“ - განმრატავს გიგა კობალაძე.

ვინ არიან ასოციაციის წევრები და როგორ ხდება გაწევრიანება?

ასოციაციის წევრები არიან ხელოვნების, ლიტერატურის და მეცნიერების წარმომადგენლები. წევრობა არის უსასყიდლო და საწევრო გადასახადს არ მოითხოვს. ისინი არეგისტრირებენ საკუთარ ნაწარმოებებს ჩვენს ასოციაციაში და შემდგომში ეს ნაწარმოებები აისახება ერთიან ბაზაში, რომელსაც ყველა ორგანიზაცია ხედავს მსოფლიო მასშტაბით და შესაბამისად აგროვებს ამ ნაწარმოებებზე ჰონორარს, მათი გამოყენების მიხედვით. ქვეყანაში შეგროვებული ჰონორარი ნაწილდება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ უფლების მფლობელებზე. ადგილობრივ ავტორებს ჰონორარი საკუთარ ანგარიშზე ერიცხებათ, უცხოელების ჰონორარი კი მათ უფლების დამცველ ორგანიზაციებში იგზავნება და შემდგომში ისინი ანაწილებენ თანხას თავად ავტორებზე.

ასოციაციის წევრებისა და მოგროვებული ჰონორარის რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რამ განაპირობა ასეთი შედეგი?

2012 წლიდან ასოციაცამ აქტიურად დაიწყო რეფორმების პროცესი. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოში ავტორების მიერ გამომუშავებული წლიური ჰონორარი დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. თუ 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 250 000 ლარს არ აღემატებოდა, 2018 წელს ჰონორარი თითქმის 5 100 000 ლარამდე გაიზარდა. 2012 წელს, ასოციაციაში 500 წევრამდე ფიქსირდებოდა, ახლა ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა.

დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამ შედეგის მისაღწევად. ძირითადი მიზეზი, რატომაც ვერ გროვდებოდა ჰონორარი და არ ხდებოდა ავტორებისთვის გადახდა, საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე იყო. ხშირად განზრახ კი არ არღვევდნენ, არამედ ამის შესახებ არც იცოდნენ. შესაბამისად, ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო საინფორმაციო კამპანია, რომ ინფორმაცია ყველა გადამხდელისთვის მიგვეწოდებინა. მეორე მხრივ, ინფორმაცია მივაწოდეთ უფლების მფლობელებს, რომ მათ ჰონორარი უნდა მოეთხოვათ. ამ კამპანიის ფარგლებში 100-მდე სეგმენტური შეხვედრა გაიმართა. მეორე მნიშვნელოანი ნაბიჯი იყო 2012 წლამდე დადგენილი ტარიფების დრამატული შემცირება. შედეგად პირობითად 10-ის ნაცვლად გაჩნდა 500 გადამხდელი და მეტი ჰონორარი მოგროვდა.

უკეთესი შედეგი გვექნება თუ არსებული და საკმაოდ კარგი კანონის აღსრულების ნაწილიც გაუმჯობესდება. საავტორო უფლების დარღვევისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა, უბრალოდ მისი დაკისრება ხდება ძალიან იშვიათად.

როგორი მექანიზმით ხდება ნაწარმოებების გამოყენების კონტროლი?

დღესდღეობით ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ თბილისსა და აჭარას. ცოტა მოვისუსტებთ სხვა რეგიონებში, სადაც ჯერჯერობით რესურსი არ გვყოფნის. რადიოკომპანიები და ტელევიზიები გვიგზავნიან მათ მიერ გამოყენებული ნაწარმოებების სიას. კვების დაწესებულებებისთვის ასევე არსებობს სპეციალური ონლაინ პლათფორმა, რომელზეც გამოყენებულ ნაწარმოებებს ტვირთავენ.

თუმცა მხოლოდ კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ ვეყრდნობით. ტელეკომპანიების საეთერო ბადის მონიტორინგის კუთხით ვთანამშრომლობთ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც 11 ტელეკომპანიას ამონიტორინგებს და გვაწვდის ინფორმაციას, რა მუსიკალური ნაწარმოები გადაიცა მათ ეთერში. ამავე კომპანიასთან თანამშრომლობა დავიწყეთ, რომ რესტორნებში ცოცხლად შესრულებული ნაწარმოებების აღრიცხვა გავაუმჯობესოთ. უკვე დასრულების ფაზაშია მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც რესტორნებში დაყენდება მოწყობილობები, რომლითაც მოხდება მუსიკალური ნაწარმოების ჩაწერა და აღრიცხვა, ისევე, როგორც ტელეეთერების ჩაწერა ხდება.

რა მეთოდოლოგიით ხდება ტარიფების დაანგარიშება?

45 სეგმენტია, სადაც საავტორო უფლება გამოიყენება და თითოეულს თავისი ტარიფი აქვს. დაანგარიშების მეთოდოლოგია კი განსხვავებულია. მაგალითად, რადიო ან ტელეკომპანიებისთვის ტარიფი ანგარიშდება მათი შემოსავლის პროცენტის მიხედვით და ეს პროცენტი დამოკიდებულია იმაზე, თუ საეთერო დროის რა ნაწილს იკავებს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები. კაფე-ბარებისა და რესტორნების შემთხვევაში ტარიფი ანგარიშდება დასაჯდომი ადგილების მიხედვით. კვადრატულობის მიხედვით ითვლება ტარიფი სავაჭრო ცენტრებსა და მსგავ სივრცეებში გახმოვანებულ ფართობზე და ასე შემდეგ.

როგორ ხდება ავტორებზე ჰონორარის განაწილება?

ჩვენ ვართ კერძო სამართლის იურიდიული პირი და ჩვენზე მოქმედებს ყველანაირი საგადასახადო ვალდებულება. გადასახადების გადახდის შემდეგ, ვიტოვებთ ადმინისტრირების პროცენტს და შემდეგ ვანაწილებთ ჰონორარს თითოეული ნაწარმოების გამოყენების ინტენსივობის პროპორციულად. ჰონორარის განაწილება ხდება მოსარგებლეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თუ რა ნაწარმოებები გამოიყენეს მათ. ჰონორარის განაწილების პროცესი საკმაოდ რთული და კომპლექსურია. რისთვისაც ვიყენებთ არაერთ ტექნიკურ უზრუნველყოფას და კომპიუტერულ პროგრამას.

რამდენად გამჭვირვალეა ჰონორარის გადახდის პროცესი?

ასოციაცია სრულად აკმაყოფილებს გამჭვირვალობისთვის დადგენილ მსოფლიო სტანდარტებს. შეგროვებული და განაწილებული ჰონორარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ყოველწლიური ანგარიშის სახით ქვეყნდება ბაჭდურად და ურიგდება ასოციაციის წევრებს, ანგარიში ელექტრონული სახით ქვეყნდება ვებ გვერდის მეშვეობით და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს მასზე წვდომა. ის ასევე ეგზავნება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, საქპატენტს და ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციას (CISAC). გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ წევრს შეუფერხებლად მიეწოდება დეტალური პინფორმაცია მის სახელზე შეგროვებული ჰონორარის შესახებ. აქვე უნდა ვთქვა, რომ 2015 წელს, საქართველომ მოიპოვა ლიდერის პოზიცია პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს, და ძირითადი შეფასების კრიტერიუმი სწორად გამჭვირვალობა იყო.

ქართველ ავტორებს ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ერიცხებათ ჰონორარები?

20-22 ქვეყანაა, რომელიც ჰონორარს გვირიცხავს. თანხის დიდი ნაწილი პოსტსაბჭთა ქვეყნებიდან შემოდის. თუმცა ჰონორარს გვირიცხავს აშშ, გერმანია, იაპონია და სხვა ქვეყნებიც.

ზოგადად, ქვეყანაში საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერება რამდენად მაღალია?

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული შემეცნებით და საგანმანათლებლო პროცესებში. გვინდა, ცნობიერების ამაღლების გზით საავტორო უფლებების გამოყენების ლეგალური კულტურა ჩამოვაყალიბოთ.

ვუშებთ ჟურნალს საავტორო უფლებების შესახებ. ბევრ საგანმანათლებლო სემინარსა და სამუშაო შეხვედრას ვატარებთ. პირველად ისტორიაში, გამოვეცით საავტორო უფლებებზე ზღაპრების კრებული, „მემე, მემე, გვაპოვნინე“, რომელიც სკოლებში, საგნის „მე და საზოგადოება“ ფარგლებში შევიდა, ასევე ეს წიგნი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გავრცელდა.

13-03-2019 15:02
წყარო: ambebi.ge