როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შენობაში ჩვენს თვალწინ ვინმე სიგარეტს ეწევა

როგორც ცნობილია, საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კაფე-ბარებში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, აიკრძალა. სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა-შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხელს უწყობს კანონის აღსრულებას და ყველა წესს იცავს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, უხეშად არღვევენ კანონს და სხვა ადამიანების უფლებებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ მოქალაქეები, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტზე კანონდარღვევის ფაქტს შევესწარით, - თუკი სიტყვაზე, კაფეში ჩვენს თვალწინ ვიღაც დაუდევრად ეწევა? საინტერესოა, ასეთ დროს რას მოიცავს რეკომენდებული მოქმედების სქემა? როგორია დღეისათვის სტატისტიკა - ბევრი ადამიანი არღვევს კანონს? რა მდგომარეობაა რეგიონებში ამ მიმართულებით და როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, ამაზე არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ლელა სტურუა გვესაუბრება:

ყველას მოვუწოდებ, გამოიყენოს 112-ის მობილური აპლიკაცია, რომელიც ჩამოტვირთული უნდა ჰქონდეს ტელეფონში. მობილური აპლიკაციის საშუალებით ამა თუ იმ კანონდარღვევის შესახებ 112-ში უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია, სადაც დაფიქსირდება, სად მოხდა კანონდარღვევა. შემდეგ ინფორმაცია პატრულს გადეცემა და უკვე პატროლი აღსრულებს კანონს

- პირი, რომელიც კანონის დარღვევის შესახებ შესაბამის სამსახურს მიაწვდის ინფორმაციას, არის თუ არა მისი ანონიმურობა დაცული?

- თუ პირს უნდა, ანონიმურად დარჩეს, მისი ანონიმურობა დაცული იქნება. ზოგ შემთხვევაში, ადამიანს არ უნდა, ანონიმურად დარჩნა და მისი სახელი და გვარი გაჟღერდება. თუმცა ნებისმიერის ანონიმურობა გარანტირებულია.

- როგორია ამ ეტაპზე სტატისტიკა?

- საქართველოს მასშტაბით მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს და სხვადასხვა წყაროდან მოსულ ინფორმაციას უყურადრებოდ არ ვტოვებთ. კანონის აღსრულება 90%-ზე მაღლაა. ინფორმაცია როგორც ჩვენთან, ცხელ ხაზზე, ისე 112-შიც მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ ბვერმა არც იცის, რომ 112-ით შეიძლება საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლია.

ინფორმაციას პირად ტელეფონზეც ვიღებ და მატყობინებენ ამ დარღვევების შესახებ. უყურადრებოდ არც ერთ ზარს არ ვტოვებთ და იმ დაწესებულებაში ვრეკავთ, ხელმძღვანელს ვესაუბრებით, საიდანაც დარღვევაზე ინფორმაცია შემოვიდა. გარდა ამისა, ინფორმაციას ვაწვდით სხვადასსვა არსამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც კანონის აღსრულების მონიტორინგში გვეხმარებიან.

სამწუხაროა, რომ დღემდე შემოდის ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში დარღვევებთან დაკავშირებით. იქ გარკვეული სუბორდინაცია არსებობს და ქვემდგომი ზემდგომთან თავისი ძალებით გამკლავებას ვერ ახერხებს, ამასთან თანამშრომელი საკუთარ უფლებებს ვერ იცავს. ამ შემთხვევაშიც, ადამიანების ანონიმურობის დაცვით, სიტუაციის დარეგულირებას ვცდილობთ.

- როგორი მდგომარეობაა რეგიონებში ამ კუთხით?

- რეგიონებში თითო მონიტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰყავს. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოებიც რეგიონებშიც მკაცრად მუშაობენ... შარშან ამ მიმართულებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო გასვლები გვქონდა. სადაც კანონი ირღვეოდა, ინფორმაციას ვაწოდებდით, რომ არ დაერღვიათ. თუმცა წელს უფრო აქტიურები გავხდებით და მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით არ შემოვიფარგლებით, უკვე მოვთხოვთ. გამოვიძახებთ პატრულს - უკიდურესი ზომები იქნება მიღებული და მონიტორებსაც ამას მოვუწოდებთ.

- როგორია თვითონ მოსახლეობის დამოკიდებულება?

- რასაც ვუყურებთ, დადებითია იმიტომ, რომ ყველას ძალიან მოწონს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - რესტორნებში, კაფეებში და ა.შ. აღარ არის თამბაქოს კვამლი, შეუძლიათ შვილების მიყვანა, მათ თმას, ტანსაცმელს აღარ ასდის თამბაქოს სუნი. შენობიდან გასვლაზე და გარეთ მოწევაზეც ზოგადად ადამიანების დამოკიდებულება დადებითია. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იგივე საჯარო მოხელეები გარკვეულ შემთხვევებში, რაზეც უკვე მოგახსენთ, გარეთ არ გადიან და საკუთარ ოთახებში ეწევიან. დაუმორჩილებლობა უმეტესად ამ კუთხით გვაქვს...

ყოველ წელს, წელიწადში ორჯერაც, თამბაქოს მსოფლიო დღეს, საქართველო თამბაქოს გარეშე და ასეთ დღეები, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონს იცავენ, ვაჯილდოებთ და ახლაც ასე ვიქცევით - განსაკუთრებულ ორგანიზაციებს ვაჯილდოებთ, რასაც წელსაც გავაგრძელებთ.

14-03-2019 18:52
წყარო: ambebi.ge