ქეთევან ციხელაშვილს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 19 აპრილს მოუსმენენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 19 აპრილს მოუსმენენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მინისტრი გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე, რომელიც მიზნად გარკვეული სამოქალაქო ჯგუფების ინტეგრაციას ეხება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და იმ პროგრამებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და რომლის განხორციელებასაც სამომავლოდ აპირებს.

საუბარი ასევე შეეხება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებულ და უკანონოდ დაპატიმრებულ მოქალაქეთა საკითხს და ამ მიმართულებით საერთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო პარტნიორებთან ურთიერთობას.

სწორედ ამ საკითხებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას საპარლამენტო ოპოზიციაც. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ პოლიტიკა უნდა გააძლიეროს და უფრო მეტად ქმედითუნარიანი გახდეს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია და აღნიშნავენ, რომ შერგიებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის პოზიცია და ხედვები მნიშვნელოვანია.

15.04.2019 15:20
წყარო: interpressnews.ge