ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით ხვალისთვის ველოდებით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია

„ხვალისთვის ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია ჩვენს კანონპროექტში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ პროცესის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ორი კვირის წინ სურდა, რადგან უზენაეს სასამართლოში სირთულეებია.

„დღეს არის სულ 10 მოსამართლე, ივნისში იქნება 8 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. სისხლის სამართლის მიმართულებით იქნება მხოლოდ ერთი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც იქნება ერთი მოსამართლე. ორი საკვანძო მიმართულება რომ ავიღოთ, უზენაეს სასამართლოს ეყოლება თითო მოსამართლე, რაც კონკრეტულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.საბოლოო ჯამში, ეს კონკრეტული პრობლემები დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების უფლებებთან. მაგალითად, იმის გამო, რომ ერთი მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის პალატაში, ადამიანებს მოუწევთ ორი-სამი თვით მეტ ხანს დარჩენა წინასაწარ პატიმრობაში, ან, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ პალატაში იქნება ერთი მოსამართლე, ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს საკუთარი დარღვეული უფლების აღდგენას და მაგალითად, გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას და ა.შ. ბუნებრივია, ათასობით ადამიანის ბედი, ამ კუთხით, პრობლემის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ, თუ შეგვიძლია, რომ უფრო სწრაფად განვიხილოთ ეს კანონპროექტი. ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი გრაფიკი. ჯერ ვუთხარით, რომ ორი კვირით ადრე გვინდოდა კანონპროექტის მიღება. გვითხრეს, რომ იყო შეუძლებელი. გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის თხოვნა და ორი კვირით გადავწიეთ განხილვის ვადა, თუმცა იქვე აღვნიშნეთ, რომ არა უგვიანეს, 19 აპრილისა, მიიღებოდა კანონპროექტი, რაც მისაღები აღმოჩნდა ვენეციის კომისიისთვის და ისინი დაგვთანხმდნენ სამშაბათისთვის, ანუ ხვალისთვის, საკუთარი დასკვნის წარმოდგენას იმისათვის, რომ ამ რეკომენდაციების პლენარულ განხილვამდე საკმარისი დრო გვქონდეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

15.04.2019 13:40
წყარო: interpressnews.ge