ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.
როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფოში „უნიქალ მედში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს.
“თავიდანვე ვირუსზე იყი საუბარი ექიმებმა თვითონ მკითხეს, თქვენთან ვინმე უცხოეთიდან ხომ არ იყო ჩამოსულიო, ჩინურ მაღაზიაში ხომ არ იყო ნამყოფიო. ვირუსზე ქონდათ ეჭვი და ამიტომ იყო ამაზე ლაპარაკი” – განაცხადა გარდაცვლილის დედამ თამილა ჯაჭვლიანმა.
ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ქუთაისიდან თბილისში კატასტროფის მანქანით გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ პაციენტი, რომელიც მეძუძური დედაა, ქუთაისში გარდაიცვალა.
„დადასტურებულად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გრიპის ვირუსი. როგორც ვიცი, ლაბორატორიული ნიმუშები გაგზავნილია და დღეს დღის ბოლოს ველოდებით პასუხს“, – აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.
გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.