რატომ ვერ გაცოცხლდება ვადამდელი არჩევნების თემა? რის გამო გადაიწია რუსეთის პოლიტტექნოლოგების ახალი სქემების ამოქმედებამ საქართველოში? რას აჯერებენ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერ ირმა ინაშვილს, რომელიც აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– ოპოზიციონერები ისევ აყენებენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხს. ეს შესაძლებელია?
– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა მკვდარია. ამის მსურველებს ვადები ხელიდან გაუსხლტათ. “ახალ თაობასთან” მისაუბრია იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნების ხელოვნურად გამოწვევას ახდენდა რუსეთი. 2019 წლის ბოლოს ამას რუსი პოლიტტექნოლოგები აკეთებდნენ “ქართული ოცნებისა” და ე.წ. ოპოზიციური ერთობის მონაწილეობით. მიზანი იყო, საქართველოში ვადამდელი არჩევნებით რუსეთს მოეხდინა პოლიტიკური რენოვაცია დროის იმ მონაკვეთში, როცა აშშ-ს ამისათვის ნაკლებად ეცლებოდა. რუსეთში მიმდინარე პროცესებმაც გამოაჩინა, რატომ ჩქარობდა რუსეთი.
– რატომ ჩქარობდა? თავის ქვეყანაში რეფორმირება უნდა წამოეწყო?
– ცხადია. რუსეთს ჯერ უნდა მოეთავებინა საქმეები საქართველოში და შემდეგ დაეწყო ის ტრანსფორმაცია, რომელიც დაწყებულია.
– რუსეთი თავის მმართველობით სისტემას ცვლის, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ვეღარ მოიცლის. თქვენ ამბობდით, რომ კრემლი საკუთარი პოლიტტექნოლოგების დახმარებით საქართველოში თებერვლიდან ახალ სქემებს აამუშავებდა.
– ახალი სცენარები ახალ მატრიცაზეა გათვლილი. თვითონ პუტინმა ხომ იცოდა, რასაც აპირებდა თავის სახელმწიფოში! საქართველოს პოლიტიკური რუსული დრამატურგია ამაზე უნდა ყოფილიყო მისადაგებული. ასეც არის დაგეგმილი. ერთი ეგაა, რომ გეგმების ამუშავება ერთი კვირით გადაიწევს და პოლიტიკური დადგმის მაყურებლები თებერვლის პირველ კვირაში ვიქნებით.
– ოპოზიცია 4 თებერვლიდან აქციებს აანონსებს.
– რაც ამ ოპოზიციამ დააანონსა, თვენახევრის წინ ვთქვი. ოპოზიცია ახმიანებს რუსების დავალებას. გეგმის დეტალები თვითონ ოპოზიციამ არ იცის. 14 დეკემბრიდან რუსეთის დირიჟორობით საქართველოში პოლიტიკური თეატრი დროებით გამოირთო. პოლიტიკოსებმა ხალხს უთხრეს, რომ ტაიმ-აუტს იღებენ.
რუსი დირიჟორებისთვის ამხელა პაუზა ჩავარდნაა. პაუზების დროს ხანდახან თვითშემოქმედების ელემენტები იჩენს თავს. არჩევნები მოდის და პოლიტიკური თეატრი დღის წესრიგიდან ვერ ჩამოხსნის საარჩევნო თემას.
– ეს თემა მუდმივად ტრიალებს, მათ შორის, მოლაპარაკებებზეც.
– საარჩევნო თემას დაემატა გახარიას საკითხი. თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ არჩევნების წინ ყველა პრობლემას გადააბრალებდნენ გახარიას. მას გაწირავდნენ, როგორც პრორუსულ ფიგურასაც. ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ქულების დაწერა ამერიკელების თვალში. გახარიას გაშვება მას სჭირდება დივიდენდებისათვის. ამერიკიდან ეს დივიდენდები არ ჩანს.
– თუ მომავალშიც ვერ დაინახავს სარგებელს, მაშინ გახარიას გაწირვას აზრი ეკარგება?
– რასაკვირველია. ბოლო პერიოდში ივანიშვილი აშშ-ში სხვა გზავნილებსაც უშვებს. ერთ-ერთი საკითხია დავით უსუფაშვილის კანდიდატურა.
– საუბარია დავით უსუფაშვილის მომავალ პოზიციაზე?
– დიახ. ივანიშვილს მომავალ პარლამენტში თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი უნდა. მას ჰგონია, რომ ეს გეგმა გაუადვილებს ურთიერთობას აშშ-სთან.
– სინამდვილეში, ამერიკელებს ამით ვერ მოიმადლიერებს?
– ამერიკელები უსუფაშვილის კანდიდატურას გულგრილად ხვდებიან. იმაზე, თუ რატომ ვერ შეათანხმებს ივანიშვილი უსუფაშვილის კანდიდატურას, შემიძლია მომავალ ინტერვიუში გითხრათ.
ამითაც გამოაშკარავდა, რომ უსუფაშვილი “ლელოში” ივანიშვილის დასტურით მივიდა, თვითონ “ლელო” კი არ არის ივანიშვილის ოპოზიცია. რაც უნდა ისტერიკები მოაწყონ “ლელოს” ლიდერებმა, ინფორმირებულ ხალხს ვერ დააჯერებენ, რომ ოპოზიციაში არიან. ბიძინა ივანიშვილი შოკში ჩააგდო ენდიაის ბოლო კვლევამ.
– შოკში რატომ ჩაააგდო? “ქართული ოცნების” 20% და საკუთარი მაღალი ნეგატიური რეიტინგი არ უნდა ყოფილოყო მოულოდნელი.
– რეიტინგებში არ არის საქმე. ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ იმ დროს მაინც, როცა კონტაქტებს ეძებს ამერიკაში, ენდიაის შეეძლო, კვლევა საერთოდ არ ჩაეტარებინა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა დროსა და სივრცეში.
– ნაცმოძრაობის წევრებს თუ დავუჯერებთ, ივანიშვილი ვაშინგტონს აშანტაჟებს და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალებით იმუქრება.
– ვაშინგტონს ვერ აშანტაჟებენ გავლენიანი სახელმწიფოების ლიდერებიც კი. ამას ვერ აკეთებენ ირანი, თურქეთი, ჩინეთი და ხანდახან – რუსეთი. ვინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი აშშ-ს აშანტაჟებს! ასეთი განცხადებები სასაცილოა და საფრთხის შემცველი თვითონ ივანიშვილისთვის.
– ენდიაის კვლევების შედეგები მარტო ივანიშვილისათვის არ არის გულის მოსაკლავი. 26 იანვარს პატრიოტთა ალიანსი აშშ-ის საელჩოსთან ენდიაისა და აირაის წინააღმდეგ ატარებს საპროტესტო აქციას. პარტიას ამ ორგანიზაციების აკრძალვა უნდა.
– ივანიშვილმა ამერიკელებს შეუთვალა, რომ არ მოიაზრებს საპარლამენტო ძალებად აფიშირებულ პრორუსულ ძალებს – პატრიოტთა ალიანსს და ბურჯანაძის პარტიას. ინაშვილს ამას გადაბრუნებულად უყვებიან. ალიანსის კურატორი რუსეთის სახელმწიფო დუმიდან კალაშნიკოვი ინაშვილს აწვეთებს, რომ ეს მოთხოვნა აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლებიდან მოდის. რაც უნდა ოდიოზური რუსული ძალა იყოს ინაშვილის პარტია, ამერიკელები მის პარლამენტში შეშვება-არშეშვებაზე არ ილაპარაკებენ. აბსოლუტურად გამორიცხულია, ვინმემ ამაზე სიტყვა დაძრას. ეს იქნებოდა დემოკრატიის პრინციპების ხელყოფა. ასეთი რამის გამო ნებისმიერი ამერიკელი მოხელე გამოემშვიდობებოდა თავის თანამდებობას.
ინაშვილს თუ პრეტენზიის გამოთქმა უნდა, ჯობია, იმას წაუყენოს, ვინც პაიკივით სწირავს და არა აშშ-ის საელჩოს, რომელიც არაფერ შუაშია. მისი პროტესტის საფუძველი ესაა და არა – აირაი და ენდიაი.
– მესამე პრეზიდენტი შორიდან აქტიურობას აგრძელებს. მას რა როლი აქვს მომავალ პროცესებში?
– ბოლო პერიოდში სააკაშვილის მიმართ რუსები უარყოფითად განეწყვნენ. ისინი უკვე თვლიან, რომ სააკაშვილი ბალასტია. რუსების თვალში სააკაშვილი ხელს უშლის რუსეთის გეგმებს, რომლებსაც დირიჟორები ადგენენ ფსევდოდასავლური ოპოზიციის გასაქაჩად.
ამ მიზეზით ფსევდოოპოზიციური წრეებიდან სააკაშვილზე მიმდინარეობს შეტევები. სააკაშვილთან აფილირებული ჯგუფები, რუსების დავალებით, მასზე თავდასხმებს უფრო გააძლიერებენ. რუსეთში მიხვდნენ, რომ სააკაშვილს ამერიკაში ნდობის ნატამალი არ გააჩნია. იგი რუსეთთან ასოცირდება.
დირიჟორებს იმედი აქვთ, რომ შემდგომ პოლიტიკურ სპექტაკლებში საქართველოს ცრუ პროდასავლურ ოპოზიციას მის გარეშე ჩააბამენ.
დარწმუნებული ვარ, ეს პროგნოზიც ახდება, ისევე, როგორც გამართლებულა ჩემი სხვა პროგნოზები.