რას წერს ბიძინა ივანიშვილზე მისი კურსელი და გზავნილი ექს-პრემიერს კურსელებისგან

მარინა ქურდაძე სოციალურ ქსელში ხშირად ტვირთავდა თანაკურსელებთან ერთად გადაღებულ სურათებს, სადაც თამაზ მეჭიაურსაც ვხედავდი ხოლმე. ბუნებრივია, თუ ისინი კურსელები იყვნენ, ბიძინა ივანიშვილიც მათი კურსელი იქნებოდა და ქალბატონ მარინას შევეხმიანე ინტერვიუზე.  

მარინა ქურდაძე საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფაზისის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორი გახლავთ. მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში სტუდენტობის წლები გაიხსენა.

- ჩვენი კურსი - საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი -  რამდენიმე სპეციალობისგან შედგებოდა. მე ვსწავლობდი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობაზე, ჩვენთან  იყო მშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის, მანქანათმშენებლობისა და ორგანიზაციისა და ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების სპეციალობები. მესამე კურსზე ბავშვები გამოგვაკლდნენ, რადგან ძალიან რთულ საგნებს ვსწავლობდით და ბევრმა ვერ გაუძლო ამ დატვირთვას. სწორედ მაშინ შემოგვემატა რამდენიმე ახალი სტუდენტი. მათ შორის - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მანამდე საღამოს ფაკულტეტზე სწავლობდა, რადგან თან მუშაობდა და თამაზ მეჭიაური, რომელიც ჯარიდან დაბრუნდა. დანარჩენებს შორის ისინი იმით გამოირჩეოდნენ, რომ ორივე ძალიან კარგი მოსწრების სტუდენტი იყო და ლექტორებს მაგალითადაც კი მოჰყავდათ ხოლმე, - ახლა მოვიდნენ და ყველას გჯობიათო.

სწავლის პერიოდში ისე ახლოს ვიყავით, რომ ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით, მხარში ვედექით და დღემდე ერთმანეთი არ დაგვიკარგავს, ოჯახის წევრებივით ვართ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბიძინამ დისერტაცია რუსეთში დაიცვა და სულ ტყუილადაა ატეხილი აჟიოტაჟი, ვითომ ჩააწყო და იყიდაო. მეც მასე მაქვს დისერტაცია დაცული და ვიცი, რა ეტაპები უნდა გაიარო. ოთხ საფეხურიანი დაცვა იყო, საკმაოდ რთული. 4 კათედრის დადებითი შეფასება უნდა მიგეღო და თითქმის შეუძლებელი იყო, ჩაგეწყო. მით უმეტეს, მაშინ ბიძინას რა თქმა უნდა ამდენი ფული არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა, დამიჯერეთ, არც იკადრებდა მაგას. ჯერ ერთი, რომ ცოდნა აძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩაწყობის გარეშე დაეცვა დისერტაცია და მეორეც - მისი ხასიათიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, ამას არ გააკეთებდა.  

ყველას გასაჭირი გულთან მიჰქონდა და იყო ძალიან მიმნდობი. ბიჭები ყოველთვის ამბობდნენ, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მოსკოვში რომ ჩადიოდნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ კიდეც. მასზე ძვირი არავის არასოდეს დასცდენია.

თვითონ როგორი ერთგულიც იყო საქმისადმი, ისეთი ეგონა ყველა ალბათ და იმიტომაც ისარგებლა ბევრმა.  ახლა არ ვიცი, ისევ მიმნდობია თუ არა, მაგრამ თუ არ არის, ისევ მისი გარემოცვის ბრალი იქნება, ვინც მისი ნდობა ვერ გაამართლა. ხომ ხედავთ, 2012-ში ვინც გვერდით ედგა, დღეს ის ოპოზიციაშია. ვისაც ჩააცვა, სწორედ ისინი ცდილობენ, გახადონ.  

ჩვენ, კურსელებს ერთმანეთი არ დაგვიკარგავს, დღემდე გვიყვარს ერთმანეთი და ხშირად ვხვდებით კიდეც. ბუნებრივია, ის ჯგუფიც, სადაც ბიძინა სწავლობდა - მანქანათმშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ჯგუფი. ერთ წელს ისევ შევიკრიბეთ და რა თქმა უნდა, ისევ დავუძახეთ ამ ჯგუფსაც. ბიძინასაც შევუთვალეთ თამაზ მეჭიაურის პირით, რომ მოწვეული იყო კურსელების შეკრებაზე.

ჩვენს გასაოცრად, „მანქანათმშენებლობის“ ხალხმა  ისე გააკეთა, რომ ზუსტად იმავე დღეს, ცალკე გადაიხადა ბანკეტი, სულ სხვა რესტორანში და ბიძინა მათთან მივიდა.

თამაზმა მითხრა, რადგან ასე დაემთხვა, ბიძინამ თქვა, რამდენიმე ადამიანი აქ მოვიდესო. მე უარი ვთქვი, რადგან ჩემს კურსელებს ვერ მივატოვებდი, თავს უხერხულ მდგომარეობაში ვერ ჩავიგდებდი, ისედაც იმათი მოუსვლელობით ერთი მაგიდა ცარიელი დაგვრჩა და თქვენ ყველანი აქეთ წამოდით-მეთქი, შევუთვალე. ნაწყენი კი დავრჩი, რომ მანამდე ასე ერთსულოვანდ ერთად ვიყავით და მოულოდნელად გამოგვეყვნენ.

მოგეხსენებათ, 2012 წლამდე ყველანი ტერორში ვიყავით, ჟანგბადი გადაკეტილი გვქონდა, ოჯახებით ვიყავით საშინელ დღეში. უკვე ჩაყლაპვას გვიპირებდა ის მთავრობა. ციხეში იყო მოსახლეობის 80 %. იმათი ოჯახის წევრები რა დღეში იქნებოდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ? ბიზნესი დატერორებული იყო, სამსახურები არ იშოვებოდა.

როდესაც ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, ჩვენ, კურსელები შევიკრიბეთ და ვიკითხეთ, - რა ვქნათ?

- რა ვქნათ და მხარში ამოვუდგეთო, - ერთხმად თქვა ყველამ. - ბიძინა საარჩევნო კამპანიას რომ დაიწყებს, ვაცნობოთ, რომ მასთან ვართო.

თუმცა, სულ არ იყო საჭირო, მისთვის გვეცნობებინა. ეს უხერხული იქნებოდა. 165 ადამიანი ვიყავით კურსზე და ერთსაც კი არ წამოსცდენია უარი. ყველანი დავირაზმეთ, ჩავრთეთ საქმეში ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ახლობლები, მეზობლები, ნაცნობები და დავიწყეთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება ისე, რომ არც არავის დაუვალებია და არც არავის დაუგეგმავს. ჩვენი კურსელები მთელ საქართველოში, ყველა რეგიონში არიან მიმოფანტული და კახეთიდან სამეგრელოს ჩათვლით, ყველასთან მიგვიწვდებოდა ხმა. სამცხე ჯავახეთი, სვანეთი, იმერეთი. ქართლი - ყველა, ყველა ჩართული იყო.  

ვიცოდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა დაპირებებს სრულიად გულწრფელად იძლეოდა და თავადაც მთელი გულით სჯეროდა, რომ აასრულებდა, მაინც გაუჭირდებოდა სიტუაციის უცებ დალაგება იმ ქვეყანაში, რომელიც უფსკრულის პირას იყო. ამის გამო ჩვენ არავის არაფერს ვპირდებოდით, უბრალოდ, ყველას ვეუბნებოდით, რომ წავიდოდა ის კაციჭამია მთავრობა და მოვიდოდა ჰუმანური და სახალხო მთავრობა და ამისთვის უნდა გვებრძოლა.

გავიმარჯვეთ კიდეც. იმას არ ვიტყვი, რომ მთლიანად ჩვენი დამსახურება იყო არჩევნების მოგება, მაგრამ საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ.

გავიდა 4 წელი და მოვიდა ისევ არჩევნები. ხალხში ცოტა შეპარული იყო სკეპტიციზმი, ჩვენ კი ისევ იმ პოზიციაზე ვიყავით. ისევ გავნაწილდით რეგიონებში და ისევ ვიბრძოლეთ, რომ  ჩვენი სტუდენტობის მეგობარს ამოვდგომოდით მხარში. არც ამჯერად დაუვალებია ვინმეს. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და დავუბრუნდით ჩვენს ადგილებს, არც არაფერს ველოდით მისგან და არც გამორჩენაზე ვყოფილვართ.

საპრეზიდენტო არჩევნებზეც მის გვერდით ვიყავით და სალომეს ვგულშემატკივრობდით. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - საქმითაც. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ თამაზ მეჭიაური „ოცნებაში“ აღარ იყო, არჩევნებზე მის გვერდით ვიყავით, საარჩევნო ოლქებიც კი გადავინაწილეთ და ყურედღებით ვიყავით, რომ ვინმეს რამე არ გაეყალბებინა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ბიძინამ სამადლობელი სიტყვა თქვა და ახსენა, - ჩემი მეგობრები დამიდგნენ გვერდითო. არ ვიცი, ვინ იგულისხმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ შეიტყო და ჩვენ გადაგვიხადა მადლობა.

ის ადამიანი საქმეს სჭირდებოდა და იმიტომ დავუდექით გვერდით. მის კარზე არაფრის სათხოვნელად მივსულვართ და არ შეგვიწუხებია. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ არავინ იფიქროს, რაიმე ანგარება გვამოძრავებდა.

ახლა 2020 წლის არჩევნები მოდის. მის გარემოცვას უკვე ამოვსებული აქვს გარკვეული ნიშა და ჩვენ ნიშის ამოვსება აღარ გვჭირდება. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ჩვენი ნიშა ისედაც გვაქვს. ისევ მხარში ამოვუდგებით და ვიბრძოლებთ, მაგრამ თხოვნა გვაქვს, - არ გადაუხვიოს იმ გზას, რა გზაც 2012-ში აირჩია.

ოჯახის წევრს რომ რაიმე შეეშალოს, გარეთ ხომ არ გააგდებ? გვერდით დაუდგები და მოაგვარებ იმ გაფუჭებულ საქმეს. ასე უნდა ვიყოთ ჩვენც და ასე უნდა იყოს ოპოზიციაც. კი არ უნდა იყვირონ და ებრძოლონ, მხარში უნდა ამოუდგნენ და ერთად აკეთონ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე.

2012-ში ვიბრძოლეთ, 2016-ში ვიბრძოლეთ და ახლაც ვიბრძოლებთ, ამ აზრზეა ყველა ჩვენი კურსელი, თუმცა, უკვე გაისმა კითხვა - ვიბრძოლებთ, მაგრამ მერე - რა? - რას ელოდებით? - ვკითხე მე. - ჩვენთვის პირადად არაფერს, ჩვენც იმას ველოდებით, რასაც მთელი ქვეყანა და თითოეული მოქალაქეო.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მცდელობა შედეგს ამჯერადაც გამოიღებს და არჩევნებს მოვიგებთ. იმის იმედიც გვაქვს, რომ შემდეგ ოთხწლედში უკეთ იქნება ყველაფერი და კიდევ შემდეგ არჩევნებზე ბრძოლა აღარ დაგვჭირდება.


თარიღი 02.16.2020 02:06  8994

loading...