ზუგდიდში, 32 წლის ქალზე ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მტკიცებულებების არქონის გამო, შესაძლოა 14 თებერვალს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. ამის თქმის საფუძველს გარდაცვლილი ქალის ოჯახს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აძლევს.
„ქუთაისში იმყოფებოდნენ დედაჩემი და ჩემი მეუღლე და მათ გააცნეს ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნაში წერია, რომ ეკას (ჩემი დის სხეულზე) დაზიანებები არ არის თვითმკვლელობამდე მიყენებული, რასაც ოჯახი კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. მე გადავუღე ჩემი დის ცხედარს ფოტოები, აქვს მრავლობითი დაზიანებები თავის არეში,უკან ყელი აქვს გამოჭრილი, ნაცემია და ნუთუ ეს არ უნდა ყოფილიყო დასკვნაში. ჩვენ ამ დასკვნას არ ვეთანხმებით. პოლიციის სამმართველოში გვეუბნებიან, პროკურატურაში მიდით, იქ გაგარკვევენ, ხოლო პროკურატურა გვეუბნება სამხარეო პოლიციაში გაგარკვევევნო. მოკლედ ასეა ჩვენი საქმე, ჯერ კიდევ ველოდებით დნმ-ის პასუხს, აი შემდეგ კი მოვითხოვთ ხელახალ ექსპერტიზას და ამოვთხრი საფლავიდან ჩემი დის ცხედარს და დავასვენებ პოლიციის შენობის წინ, არ დავთმობ მტკიცებულებების გაყალბებას, ვიცი ამ ყველაფრის უკან დგას და ჩემს ყოფილ სიძეს( დის ქმარს) ზურგს უმაგრებს მმართველი პარტიის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ზაზა ხუბუა",- განუცხადა „პრაიმტაიმს" გარდაცვლილი ქალის ძმამ ნუკრი მიქავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 32 წლის ბაკურ სორდია დააკავეს, რომელიც მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ძალადობაშია ბრალდებული.
სოფელ შამგონაში 32 წლის ეკა მიქავა მეზობლის, საკრებულოს წევრ ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. დეპუტატი ხუბუა ოჯახის ახლობელია, რომელიც ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში იყო ჩართული.
გარდაცვლილ ეკა მიქავას სამი შვილი დარჩა, იგი შამგონის საბავშვო ბაღში აღმზრდელ-მასწავლებელად მუშაობდა. გარდაცვლილის ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ, ისინი აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, მას ქმართან გამუდმებით კონფლიქტი ჰქონდა, მეზობლების განცხადებით, ბაკურ სორდია ცოლს სისტემატურად სცემდა, თუმცა, არც ძალადობის მსხვერპლს და არც ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
„ჩემი შვილი მესამე სახლში არ წავიდოდა და თავს არ ჩამოიხრჩობდა, ვარიანტი არ არის, გამორიცხულია, დაზიანება ზურგის არეში აქვსო. გამოეშვა ჩემი შვილი თავის შვილებიანად, ჩემთან მეყოლებოდა"- აცხადებს დაღუპულის მამა.
გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით კი, მის დას სავარაუდოდ, „ჯერ სცემეს და მერე ჩამოკიდეს".
ახლობლები იმასაც ამბობენ, რომ ბაკურ სორდიას საყვარელი ჰყავდა და მასთან ბავშვიც ეყოლა, რაც ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა.
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.