სოციალურ ქსელში ყველა წერს, რომ "კვეკვეს" წამყვანის როლი ძალიან მოუხდა.
"დღეს ცოტა უჩვეულო პოზიციაში ვარ. ბურთის გარეშე პირველად ვარ ამდენი ხალხის წინაშე... ამიტომ თანმიმდევრობა შეიძლება შემეშალოს" - თქვა ნიკა კვეკვესკირმა.
ნიკა ერთ-ერთი ავტორია იმისა, რომ საქართველო ევროპაზე გავიდა. "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთთან დაპირისპირებისას დაძაბული და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, სანუკვარი ოცნება ახდა და ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ამ გამარჯვების ერთ-ერთი გმირი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირია. მან საბერძნეთთან მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიაში უკანასკნელი, გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, რითაც გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
კარიერა
ნიკა კვეკვესკირი პირველად საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ შეამჩნია და 2012 წელს ნაკრებში გამოიძახა. მაშინ კვეკვესკირი ზუგდიდის "ბაიას" ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და მისთვის ასეთი ტრამპლინი სრული მოულოდნელობა იყო.
"მაშინ ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რისთვისაც დღემდე თემურ ქეცბაიას მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საშუალება არ მომეცა, ასეთი დონის ფეხბურთელებთან ვარჯიშიც კი ჩემთვის უდიდესი პრივილეგია, პატივი და მოტივაცია გახლდათ. პირველი შეხვედრისას ემოციების კონტროლი რთული იყო", - ამბობდა წლების შემდეგ კვეკვესკირი.
ამჟამად კვეკვესკირი პოლონეთში, პოზნანის "ლეხში“ თამაშობს და წარმატებული ასპარეზობის გამო გუნდმა კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივა.
"უდისციპლინო ფეხბურთელი არც ახალგაზრდულ ასაკში ვიყავი, მაგრამ რაც უფრო იზრდები და ვითარდები, უფრო და უფრო აფასებ ყველაფერს და ხვდები, რომ ფეხბურთში ყოფითი დისციპლინა ფუნდამენტური საკითხია. მახსოვს, მამაჩემი პატარა ასაკშიც კი მეუბნებოდა, მწვრთნელის დავალებას ბოლომდე ნუ ასრულებ, ჩარჩოში ექცევი, ეცადე დავალებების 80% შეასრულო და 20% შენი კრეატივი გამოიყენოო.
პირადი ცხოვრება
ფეხბურთელის მეუღლე სალომე ბებუაა. სალომეც აფხაზეთიდან დევნილია. იგი პროფესიით ექიმ-სტომატოლოგია. წყვილს 2 გოგონა ჰყავს. ნიკას და, ნინო კვეკვესკირი სოციაურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
"წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი და ოჯახი დგას, მიყვარხართ!“, - წერს ნინო კვეკვესკირი.