ევროპის ჩემპიონატი ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ფინალის შესაფერის დაძაბულ და ემოციურ მატჩში გამარჯვება ესპანეთს დარჩა – 2:1.
ფაქტები
გადამწყვეტი შეხვედრის წინ გაიმართა ფინალის გახსნის საზეიმო ცერემონია, შესრულდა ევრო 2024-ის ჰიმნი და ბერლინის ცა „ოლიმპიაშტადიონიდან“ გაშვებულმა ფოიერვერკებმა გაანათა.
ესპანეთის ნაკრებს ფინალში დაუბრუნდნენ ლენორმანი და კარვახალი, რომლებმაც ნახევარფინალი დისკვალიფიკაციის (ყვითელი ბარათები) გამო გამოტოვეს. ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში კი გამოჩნდა ლუკ შოუ, რომლისთვისაც ამ ტურნირზე ეს პირველი მატჩი იყო სასტარტო შემადგენლობაში. ასეთი შემთხვევა ბოლოს 2000 წელს მოხდა – იტალიის ნაკრების ფორვარდმა დელ ვეკიომ მთელი ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში ერთადერთი მატჩი ითამაშა ძირითადში, ისიც ფინალი.
მიუხედავად იმისა, რომ ბურთს უმეტესად ესპანეთი ფლობდა, პირველი ნახევარი მაინც ინგლისის სცენარით წარიმართა: თამაში ძირითადად მოედნის შუაში მიმდინარეობდა და ესპანელებს საგოლე მომენტების შექმნა ძალიან გაუჭირდათ.
II ტაიმი
მატჩის 47-ე წუთზე მოხდა ის, რასაც ესპანელი და ნეიტრალური გულშემატკივრები ელოდნენ – ლამინე იამალის პასით ნიკო უილიამსმა უზუსტესი დარტყმა შეასრულა და ესპანეთი 1:0 დააწინაურა. ეს გახლდათ იამალის მეოთხე საგოლე პასი ამ ჩემპიონატზე. საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 4 პასზე მეტი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.
ესპანეთის გოლმა თამაში „გახსნა“ – ინგლისმა გამწვავება სცადა, თუმცა საკუთარ ნახევარზე არაერთხელ დარჩა ცარიელი სივრცე და ესპანელებმაც რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს.
ინგლისელთა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მიღებული გოლის შემდეგ მალევე განახორციელა ცვლილება – კეინის ნაცვლად პალმერი შეიყვანა. 73-ე წუთზე სწორედ პალმერმა გაათანაბრა ანგარიში საკას აქტიურობისა და ბელინგემის პასის შემდეგ.
თუმცა ესპანეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონობას იმსახურებდა – ბოლო წუთებზე კვლავ ეფექტურად შეუტია და 86-ე წუთზე მონდომება დაუფასდა: ოიარსაბალმა კუკურელიას გადაცემა გოლად აქცია და ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.