გურიაში თხილის ბაღში დატოვებული ბავშვი იპოვეს

გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, თხილის ბაღში ახალშობილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სავარაუდოდ დედამ იქვე იმშობიარა და ახალშობილი დატოვა. ახალშობილი მას შემდეგ იპოვეს, რაც დედა ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში მოხვდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს - „მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები აგდილზე მივიდოდნენ სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება“.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანა. ამდროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


თარიღი 08.16.2019 13:07