მარტი, 2024 ბინდის ზონა წყალქვეშა სამყაროს იდუმალი არსებები ევოლუციამ სიბნელეში ცხოვრებას მოარგო. ჩვენი ოკეანეების სიჯანსაღე შეიძლება მათზე იყოს დამოკიდებული.



17 მეტრი სიგრძის საკვლევი ხომალდის გემბანზე კარენ ოსბორნი დაჰყურებს ზღვის წყლითა და მოფართხალე ორგანიზმებით სავსე მაცივარს. რამდენიმე წუთის წინ ეს ცოცხალი თანავარსკვლავედი ამოჰყვა ბადეს, რომელიც კალიფორნიის მონტერეის ყურეში, 450 მეტრის სიღრმიდან ნელ-ნელა ამოსწიეს – თითქმის უკუნი სიბნელით მოცული სამყაროს გავლით. „კარგად ვითევზავეთ“, – ამბობს იგი.

ნადავლიდან ყველაზე საინტერესო ხელის მტევნის ზომის კალმარია, რომელიც ლალისფრად ბზინავს. მარწყვისებრ კალმარებად ცნობილი არსებები კარგად ადაპტირდებიან თავიანთ ჰაბიტატთან. მათ წითელ შეფერილობას ოკეანის წყვდიადი შთანთქავს და ისინი მოყავისფრო შავ ფერს იძენენ, რითაც გარემოს ერწყმიან. მათი სხეული დროდადრო ბიოლუმინესცენციით ანათებს, რაც თავდამსხმელებს აფრთხობს, აცაბაცა თვალებით კი ერთდროულად ორ მხარეს უმზერენ: ერთი თვალით, რომელიც უზარმაზარი და ყვითელია, მაღლა იყურებიან და მათ თავზე მოცურავე სილუეტებს ამჩნევენ, მეორე თვალით კი, რომელიც შედარებით პატარა და ცისფერია, მზერას დაბლა მიმართავენ, რათა სიბნელეში მანათობელი მსხვერპლი შენიშნონ. ეს კონკრეტული კალმარი გასაოცრად გლუვია. „როგორც წესი, მათ კანი სულ ეკაწრებათ“, – ამბობს ოსბორნი. ის ალბათ წყლის ზედაპირთან სიახლოვეს გაება ბადეში. 

 

ოსბორნი უხერხემლოთა შემსწავლელი ზოოლოგია და  ვაშინგტონში, სმითსონის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ეროვნულ მუზეუმში მუშაობს. ის კარგად იცნობს ამ ფანტასტიკურ ცხოველებს, რომლებიც ოკეანის მეზოპელაგიურ ზონაში (ე.წ. ბინდის ზონა) – 200-დან 1000 მეტრამდე სიღრმეში – ბინადრობენ. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში იგი ამ სივრცეს კამერით აღჭურვილი რობოტებით დისტანციურად შეისწავლიდა და თავადაც არაერთხელ ჩასულა წყალქვეშა აპარატით. მან სხვა მეცნიერებთან ერთად აღმოაჩინა, რომ ბინდის ზონის თევზები კანს ინტენსიურად იმუქებენ, Cystisoma-ს გვარის კიბოსნაირთა სხეული კი იმდენად გამჭვირვალეა, რომ თითქმის უხილავნი ხდებიან.

მეზოპელაგიური ზონა მისაწვდომად და შესასწავლად რთული და ძვირადღირებული ადგილია. ის ოკეანის მთლიანი მოცულობის მეხუთედს შეადგენს და დიდწილად შეუსწავლელი რჩება. ეს ზონა იმ სიღრმეზე იწყება, სადაც ფოტოსინთეზი ვერ მიმდინარეობს და გრძელდება იქამდე, სადაც მზის სინათლის უკანასკნელი სხივიც ძლივს აღწევს. წყალქვეშა აპარატში მყოფი ადამიანის თვალისთვის ამ სამყაროში უკუნი სიბნელეა, თუმცა აქ ბინადარმა ცხოველებმა ყველანაირი ხრიკი გამოიმუშავეს ევოლუციურად, რათა თითქმის სრულ სიბნელეში გზა გაიკვალონ და ღია ოკეანეში მტაცებლებს თავი აარიდონ. „ყველანაირი ფორმის და ზომისას ვხვდებით: გამჭვირვალე, სარკისებურ, წითელ და შავზე შავ ცხოველებს“, – ამბობს ოსბორნი.

ამ თითქმის ირეალურ რეგიონს ოსბორნისთვის განსაკუთრებული ხიბლი აქვს – მისი ფარული ბიომრავალფეროვნების გამოაშკარავების გარდა მას სურს გაარკვიოს, თუ როგორ ძლებენ ცოცხალი არსებები ამდენად ექსტრემალურ პირობებში.

ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ რა ხდება იქ და ვინ ბინადრობს, რას აკეთებენ, რით იკვებებიან, რამდენს ისაქმებენ, სად კვდებიან“, – ამბობს ოსბორნი. და სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ოკეანის ამდენად შორეული მხარეც კი არაა ადამიანებისთვის მიუწვდომელი და ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად და საფუძვლიანად უნდა გავიგოთ, თუ როგორ ფუნქციონირებს მთლიანი ეკოსისტემა.

ნაპირზე დაბრუნების შემდეგ ოსბორნის ბინდის ზონის ნადავლი გადაჰყავთ მონტერეის ყურის აკვარიუმის კვლევითი ინსტიტუტის, იგივე MBARI-ს, ლაბორატორიაში, სადაც კარენი კოლეგებთან ერთად პაწაწინა ცხოველების დახარისხებას იწყებს.

„აი, გიგანტური პარაფრონიმაც, – ამბობს ოსბორნი კმაყოფილებით, – უზარმაზარია!“ მიუხედავად იმისა, რომ ნეკის ფრჩხილზე პატარაა, ის კიბოსნაირთა ამ ჯგუფის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ბინდის ზონის ამფიპოდებს ევოლუციის გზით მრავალგვარი უნიკალური და რთული აგებულების თვალები ჩამოუყალიბდათ, რათა სიღრმეში შეღწეული უმნიშვნელო სინათლის ნაპერწკალიც კი გამოიჭირონ. მინისებრი თვალები პარაფრონიმას მთლიან თავს იკავებს, Streetsia-ს გვარის სხვა სახეობას კი მხოლოდ ერთი, კონუსის ფორმის თვალი აქვს. ოსბორნს სურს გაიგოს, რატომ განუვითარდათ ბინდის ზონის ამფიპოდებს ამდენად მრავალფეროვანი და მაღალსპეციალიზებული თვალები. „ეს სხვაგან არსად არ ხდება“, – ამბობს იგი, ვინაიდან სიბნელეში ბინადარი ცხოველების უმეტესობას ან რუდიმენტული თვალები აქვს, ან თვალები საერთოდ არ აქვს. „არც გამოქვაბულებში, არც ღრმად ოკეანის ფსკერზე“.


თარიღი 06.20.2024 14:42  242