„კეთილი მგზავრობა მისურვეთ, ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, მერე მოგიყვებით სად და როგორ. წარმატებული ორშაბათი ყველას. ჩემს ოცნებაში მივდივარ, 16 საათი უნდა ვიფრინო. მისურვეთ კეთილი მგზავრობა.
რეალურად კი, ჩემი შვილის წლისთავია, ასეთ დროს მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები“, - ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა მაია ასათიანი და ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა.
ჟურნალისტი სამ ძაღლთან ერთად ცხოვრობს, „ახლა ვერ წაგიყვანთ ბავშვებო“, - ასე მიმართა იმ ცხოველებს მაიამ, რომლებიც დროებით დედას დაუტოვა. თუ სად წავიდა მაია ასათიანი, ამას
მარტივად მიხვდებით ისინი, ვისაც წაკითხული გაქვთ ელიზაბეტ ჯილბერტის ცნობილი ბესტსელერი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე...“, რადგან მოგვიანებით მაიამ სწორედ ამ წიგნის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ იგივე გზას გაივლიდა, რომელსაც ფილმში მთავარი გმირი გადის. წიგნის სიუჟეტი, რომლის კინოვერსიაშიც მთავარი გმირის როლს ჯულია რობერტსი ასრულებს ასეთია:
მთავარი გმირი ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ძალიან აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ, კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.
მაია ასათიანი დაგვპირდა, რომ ბალიზე მოგზაურობის შესახებ აუცილებლად მოგვიყვება ინსტაგრამის საშუალებით.