მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო - რა გზა გაიარა პატარა ანიტამ გარდაცვალებამდე



„ანიტამ ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო! დღეს მამამისს ვუთხარი, რომ იმდენად ძლიერი შვილი გვყავს, მგონი ვერ ვართმევთ თავს მის მშობლობას, რადგან ჩვენ ხშირად ვეცემით, ანიტა კი არასოდეს, არც ერთი წამით არ დანებებულა. მან დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან ტკბილია და ნებისმიერ ფასად უნდა ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად – 20 დეკემბერს წერდა ანიტას დედა, მარიკო სადრაძე და მაშინ ყველაზე საზარელ ფიქრშიც კი არ დაუშვებდა, რომ იანვრის ბოლოს ეს მებრძოლი გოგო დანებდებოდა. 

ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ, თბილისში დაუდგინდა. დიაგნოზის შედეგად მცირეწლოვანს გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. მანამდე კი სპეციალური აპარატის ჩადგმა იყო საჭირო, რომელიც გულს ხელოვნურად ამუშავებს. ოპერაციისთვის საჭირო იყო 300 000 ევრო. 

მამის, გიორგი ფაცაციას ნაამბობიდან ირკვევა, რომ ანიტას გასული წლის ივნისში შეხვდა ვირუსი. იწვა კლინიკაში. აგვისტოში დასასვენებლად იყო, როცა ისევ ცუდად გახდა. ეჭვი ჰქონდათ, რომ მოწამლული იყო. ღამით სუნთქვა უჭირდა, შფოთავდა და უენერგიოდ იყო.

„თავიდან მიოკარდიტის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლოს დილატაციური კარდიომიოპათია აღმოჩნდა. ეს დიაგნოზი გულისხმობს გულის უკმარისობას. გული ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და გადიდებულია, საკმარის სისხლს ვერ გადაამუშავებს” - სოციალურ ქსელში წერდა ანიტას მამა, გიორგი ფაცაცია.

თბილისში თვეზე მეტხნიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა და ოჯახმა ავსტრიაში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო. 

16 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ანიტა ფაცაციას დედის, მარიკო სადრაძის პირველი პოსტი, რომლითაც ის საზოგადოებისგან გვერდში დგომას და ფინანსურ დახმარებას ითხოვდა.

როგორც დედა თავის განცხადებაში ყვებოდა, მარიკოს უჭირდა სუნთქვა და დედას მზერით შველას თხოვდა. 

„გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ჩვენმა ჰუმანურმა ევროპამ ფაქტობრივად მის სიკვდილს მოაწერა ხელი. მითხრეს, რომ თუ მედიკამენტები უშველის, დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია, მაგრამ გამწირეს, 2 წლის ბავშვი გაწირეს” - წერდა მარიკო. 

როგორც ანიტას მშობლები იუწყებოდნენ, ავსტრიელ ექიმებს სტაციონარში არ გადაჰყავდათ ბავშვი, რადგან ფაცაციები ავსტრიის მოქალაქეები არ იყვნენ. ანიტა ჩვეულებრივ, ბავშვთა კლინიკაში იწვა.

ამ პოსტის გავრცელების შემდეგ გოგონას ფინანსური დახმარება უამრავმა ადამიანმა გაუწია. მათ შორის იყო თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელმაც ანიტას ოჯახს 30 000 ლარი გადაურიცხა, ხოლო თბილისის მერიამ შესაბამისი კალკულაციის მიღების შემდეგ, ანიტას მკურნალობა დანარჩენი თანხით დააფინანსა. 

სოციალურ ქსელში ანიტას დედა, მარიკო სადრაძე წერდა: 

„ყოველ დღე ბატონი კახის უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის. ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით, რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა - როგორ არის ის პატარა გოგოო?“ 

ავსტრიის ქალაქ გრაცის საავადმყოფოს რეანიმაციაში მოათავსებულ პატარაზე მოგვიანებით დედა წერდა:

„გაგვიმართლა, რომ შეგვხვდნენ ძალიან გულისხმიერი ექიმები, რომლებიც გულწრფელად შეწუხდნენ ანიტას მდგომარეობით და შეუტიეს აგრესიული თერაპიით. ამ მკურნალობამ ბავშვი კლინიკურად უკეთესობისკენ წამოიყვანა.“ 

იმ პერიოდში გოგონას მამას 34 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი გული შესთავაზა... „თუკი ჩემი გული გამოადგება მზად ვარ დავუთმოო… ხალხო გესმით? გვთხოვა არ გაგვესაჯაროებინა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემიძლია… ადამიანი თავის სიცოცხლეს თმობს“ – წერდა მარიამ სადრაძე.

ავსტრიის კლინიკისგან მიღებული უარის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, მოგვიანებით კი, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ვერც ბელარუსმა აიღო. არადა, 13 დეკემბერს გოგონას ოჯახი ავსტრიიდან ბელორუსში გასამგზავრებლად ემზადებოდა…

„ანიტა ყველამ გაწირა“ – „ფეისბუქზე“ წერდა აღშფოთებბული მამა. სწორედ ამ ყველაზე რთულ და სასოწარკვეთილ პერიოდში სოციალურ ქსელში გაკეთდა გვერდი - „ანიტასთვის“. სიცოცხლისთვის მებრძოლი პატარა გოგონასთვის, დედის თხოვნით, ქართველებმა ერთიანი ძალით ლოცვა დაიწყეს. მარიკო არაერთხელ სთხოვდა თანამემამულეებს ელოცათ მისი შვილისთვის. სწორედ ლოცვის ძალითა და მადლით ეძლეოდა პატარას ენერგია, რაზედაც ექიმები არაერთხელ განცვიფრებულან - მის მდგომარეობაში გონებაზე როგორ არის და ენერგია საიდან აქვსო... 

დეკემბრის შუა რიცხვებში პრემიერის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად მუშაობდა გოგონას პრობლემის მოსაგვარებლად, ოჯახთან კი კომუნიკაცია პრემიერის აპარატს ჰქონდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უწყება მცირეწლოვანი ანიტა ფაცაციას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდა. როგორც ზალკალიანმა „ელჩების კონფერენცია 2019“-ზე განაცხადა, ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა პაციენტის მისაღებად მზად იყო. 

„მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ჩართულია - შესაბამისი საელჩოები იტალიაში, ბელორუსში, ინდოეთში. მე ვთხოვე ჩვენს ელჩს ინდოეთში, რომ დღევანდელ ჩვენ შეკრებაზე არ დარჩეს და გაემგზავროს ინდოეთში, რადგანაც ამ ბავშვის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვთანხმდა ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა, რომ შესაბამისი ოპერაცია ჩატარდეს. ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა მინისტრი.

ფრენის რისკის და მანძილის გამო ინდოეთის კლინიკას ბოლო ვერსიად განიხილავდნენ. თუმცა ეს უკანასკნელი შანსი აღმოჩნდა. როგორც ანიტას მშობლები წერდნენ, ადამიანური მხარდაჭერა ჰქონდათ საქართველოს ელჩისგან ინდოეთში - არჩილ ძულიაშვილისგან. ის აეროპორტში დახვდა ფაცაციებს, კლინიკაში აკითხავდა, მორალურად ედგა გვერდში. 

20 დეკემბერს ანიტა ავსტრიიდან ინდოეთში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით გადაიყვანეს. ფრენის პროცესს გართულებები არ მოჰ-ყოლია. 

 

მარიკო სადრაძე: - ჩემი ჩიტი თბილ ქვეყნებში ჩამოფრინდა. ფრენამ ჩაიარა იდეალურად. მთელი გზა ეძინა, მე კი მის მონაცემებს ეკრანზე მივშტერებოდი. ყველაფერი იმდენად კარგად იყო მთელი გზის მანძილზე, რომ ექიმებს ყურსასმენები ეკეთათ და პლანშტებში ფილმებს უყურებ¬დნენ. ფრენის ბოლო ნახევარი საათი გაიღვიძა და გამოაცხადა: “მე ბაჭია ვარო”. ჩემი გოგო ინტენსიურ განყოფილებაში დააწვინეს და მარტო ერთხელ მომცეს ნახვის უფლება.

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსპლანტოლოგიის ცენტრია. ჰყავთ დიდი პრაქტიკის და გამოცდილების მქონე ტრანსპლანტოლოგები. „ანიტას ექიმი ბალაკრიშნანი 30 წლიანი სტაჟის მქონე ბავშვთა ტრანსპლანტოლოგია. იგი ამჟამად იმყოფება აშშ-ში და 23 დეკემბერს ჩავა ინდოეთში. მანამდე კი ანიტას კარგად დაასვენებენ და ყველა საჭირო ზომას მიიღებენ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მისი ორგანიზმის მოსაძლიერებლად” - წერდა გოგონას მამა, გიორგი ფაცაცია. 

 ინდოელი ექიმების გადაწყვეტილებით, ანიტას თერაპიული კურსი უნდა ჩატარდებოდა, წარმატებით ჩატარების შემთხვევაში კი 2 წლის მოზარდს გულის გადანერგვის ოპერაცია აღარ დასჭირდება.

ქალაქ ჩენაის კლინიკაში მყოფ ფაცაციებს შობას მოულოდნელად ინდოელი ბიზნესმენი მოევლინათ, რომელმაც ოჯახს სამკურნალო თანხის სრული დაფარვა აღუთქვა.

ბიზნესმენი ს. იაგატრაკშაკანი ანიტას მდგომარეობით ჯერ კიდევ 2 წლის მოზარდის ინდოეთში ჩაფრენისას დაინტერესდა, მას შემდეგ კი ხშირად სტუმრობდა მოსანახულებლად. მარიკო სადრაძის ინფორმაციით, იაგატრაკშაკანის კომპანიის წარმომადგენლები ანიტას ოჯახს 7 იანვარს, საავადმყოფოში ესტუმრნენ.

“ეს იმდენად დიდი სასწაული იყო ჩვენთვის, რომ დაბნეულობისგან მადლობის თქმაც კი ძლივს მოვახერხეთ”, – წერდა ანიტას დედა.

იაგატრაკშაკანი ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედია. სხვადასხვა წლებში იყო ინდოეთის პარლამენტის წევრი, მას აგრეთვე მრეწველობის მინისტრიც თანამდებობაც ეკავა. მისი მეუღლე ხელმძღვანელობს სასწავლებელს, რომელიც ეხმარება ოჯახებს, რომ მათმა შვილებმა საჭირო განათლება მიიღონ.

ინტენსიური თერაპიის კურსი სიცხეების ფონზე მიმდინარეობდა. ანიტას მისი საყვარელი ფენოვანი ხაჭაპურის ჭამა ეკრძალებოდა, რადგან  კვება ზონდთან ერთად უღიზიანებს ყელს. ექიმები ამბობდნენ, ის ძლიერი მებრძოლიაო. 

„როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ანიტა რეანიმაციული განყოფილების ყველაზე ცელქი პაციენტია.

მიუხედავად იმისა, რომ ხელები შეფუთული აქვს, მაინც ახერხებს ზონდის გამოძრობას და ინტუბაციის მილის წვალებას. ამიტომ, რაც დამაძინებლების დოზა შეუმცირეს, ანიტას დედიკოს ექიმები ხშირად ეძახიან დასახმარებლად” - წერდა ოჯახის ახლობელი.

ანიტას მდგომარეობა 9 იანვარს დამძიმდა. მას პნევმონია განუვითარდა. პაციენტი რენიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმები პნევმონიის ჩაცხრობას ელოდებოდნენ, თუმცა ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილების მიღება გაცილებით ადრე გახდა საჭირო, რადგან ექიმებმა გოგონას გულის გაჩერება დააფიქსირეს. აპარატს, რომელიც პაციენტს ჩაუდგეს, გულის მუშაობა 3-4 კვირით უნდა გაეუმჯობესებინა.  

10 იანვარს დადგა ეკმოს აპარატის ჩანერგვის სასწრაფო საჭიროება. პირველი აპარატი ანიტას ორგანიზმმა არ შეითვისა, გამთენიისას გადაწყდა სხვა სახის აპარატის ჩადგმა.

ოპერაცია 4-5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად ბავშვს ამოეტუმბა ფილტვებში ჩამდგარი სითხე, სისხლი, მოისპო ინფექციის კერა და ჩაინერგა აპარატი, რომელიც გულს ორი თვის განმავლობაში ხელოვნურად ამუშავებს.

 ანიტას ხელოვნური ძილის მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ჩატარებული კვლევების მიხედვით, მას სისხლში ამოეთესა ერთი-ერთი სოკოს და ინფექციის სახეობა. დადგა დიალიზის ჩატარების საჭიროება.

მოგვიანებით ბავშვს სისხლის მიმოქცევა გაუუუარესდა. კიდურებს სისხლი რთულად მიეწოდებოდა და ამიტომ ხელები გამუქებული ჰქონდა, ფეხები - შეშუპეპული. დადგა სეფსისის სამკურნალოდ ანტიბიოტიკოთერაპიის გაკეთების საჭიროება.

ანიტას ნათლისღება სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა: გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღის მადლი შეგეწიოთ. და შენ პატარა ანიტა, ძალა მოგცეს და ჯამრთელობა დაგიბრუნოს!

იანვრის შუა რიცხვებში ბავშვს ბილირუბინის მაჩვენებელი თითქმის ნორმამდე დაეწია და შესაბამისად სიყვითლემაც გაუარა. აგრძელდებდნენ დიალიზის და ინფექციის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკოთერაპიას.

 „როგორც ექიმმა თქვა, სანამ ჩვენი გოგოს გული ეკმოს აპარატის დახმარებით მუშაობს, მას მოუწევს რეანიმაციულ ბლოკში ყოფნა” - წერდა ოჯახის ახლობელი. 

როგორც აღმოჩნდა, ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო. საუბედუროდ, ანიტას ორგანიზმში სისხლდენა დაიწყო. გოგონას დედა სოციალური ქსელის მეშვეობით ისევ ლოცვას ითხოვდა. ინდოეთის კლინიკის ექიმები გამოსავალს ეძებდნენ. სწორედ ასეთ გამოსავლად სახელდებოდა გულის ორივე პარკუჭზე აპარატის დაყენება. თუმცა გასათვალისწინებლად მიჩნევდნენ სეფსისის კუთხით მდგომარეობას. გაკეთდა სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის პასუხსაც გარკვეული დრო სჭირდება. როგორ ექიმები მშობლებს ეუბნებოდნენ, სისხლდენა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებდა, ამიტომ, გრძელდებოდა მკურნალობა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.

ანიტას დედა ძალიან განიცდიდა ბავშვის კიდურების გამუქებას, ბავშვს განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა მარცხენა ხელის თითები, რომლებიც უფრო გაშავდა.

ექიმების განმარტებით, კიდურების მდგომარეობის გამოსწორება მეტწილად ანიტას ორგანიზმზე იყო დამოკიდებული.

13 იანვარს ანიტას გვერდზე გაჩნდა მამა სევერიანე მალაზონიას ნახატი, სადაც ის ფრთებით არის დახატული. 

მოგვიანებით ფრთიანი ანიტას დახატვა სხვასაც მოუნდა... ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის სასანთლეში ნახატი დახვდა.

„ეს დამხვდა გუშინ ყინწვისის წმ. ნიკოლოზის მონასტრის სასანთლეში... ღმერთმა გააძლიეროს ეს პატარა გმირი გოგო“ - წერს ქეთი ჩაფიძე.

ნახატზე დედას ჩახუტებული ანიტა ფრთებითაა. სასულიერო პირის მიერ ფანქრით შესრულებული ეს ჩანახატი ერთგვარი წინასწამეტყველება აღმოჩნდა... ათ დღეში ანიტა „გაფრინდა“ კიდეც...

 

 


თარიღი 02.01.2020 23:38  3839