პირველი ინტერვიუ ჩინეთიდან დაბრუნებული ქართველ გოგონასთან - რა განცხადებას ავრცელებს ის?



ჩინეთში წასული მოქალაქე ანანო ლებანიძე სამშობლოში დღეს ჩამოვიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, იგი ჩინეთიდან დროებით გამოერიდა სიტუაციას.

„ვიცი გაგიხარდებათ. ქართველ თანამშრომლებთან ერთად, დროებით არსებულ ვითარებას გამოვერიდე და საქართველოს დავუბრუნდი. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩემს უფროსს და საქართველოს საელჩოს ჩინეთში. ვიცი, მალე ყველაფერი კარგად იქნება და იმ „მონსტრიკსაც“, ასეთ ამბებს რომ ატრიალებს, საბოლოოდ გაუყენებენ გზას.

პ.ს. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ქართველი მესაზღვრის გაღიმებასაც კი და სიტყვებს კეთილი იყოს მშვიდობიანად დაბრუნება, სულ სხვა ფასი ჰქონია“,- წერს ანანო ლებანიძე სოციალურ ქსელში.

ანანო ლებანიძე „რადიო ჰერეთთან“ ყვება, როგორი იყო მდგომარეობა ჩინეთში და რამ გადააწყვეტინა ქვეყანაში დაბრუნება.

მისი თქმით, პანიკა საქართველოში უფრო შეინიშნება, ვიდრე ადგილობრივებში.

„მე ვიმყოფებოდი სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში, საიდანაც გამოვფრინდი და მშვიდობიანად ჩამოვედი საქართველოში. გუანჯოუშიც დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა სიკვდილი არ გამოუწვევია. ჩამოსვლისას აეროპორტში დაგვხვდნენ ექიმები, დაგვისვეს კითხვები, გაგვიზომეს სიცხე, დავტოვეთ ჩვენი მონაცემები. ჩემ შემთხვევაში არანაირი გამოვლინება არ ყოფილა, თუმცა ვცდილობ 2 კვირის განმავლობაში არ მქონდეს კონტაქტი სხვა ადამიანებთან, გადავაადგილდები პირბადით და გადამოწმებისთვის ექიმთანაც ვაპირებ მისვლას.

ბოლო ერთი კვირა სახლიდან არ გავდიოდით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. პანიკა საქართველოში უფრო იყო, როცა განერვიულებული ადამიანები მირეკავდნენ. იქ ასეთი პანიკა არ შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა რთულია, არის ბევრი დაინფიცირებული და საავადმყოფოებიც სავსეა“,- ამბობს ანანო ლებანიძე.

მისივე თქმით, იგი დაელოდება მოვლენათა განვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება ჩინეთში.

დღეს კორონავირუსის გამო გარდაცვალების 46 ახალი შემთვევა დაფიქსირდა, რამაც გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 260-მდე გაზარდა.

ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად, დაახლოებით 2400 ერთეულით გაიზარდა.


თარიღი 02.03.2020 02:04  1535