TV პირველის დამფუძნებელი, ვახტანგ წერეთელი სასამართლოში დღეს დაიკითხება



TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი დღეს, 8 აგვისტოს, 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ა.კალატოზიშვილის თანდასწრებით დაიკითხება.

 

შეგახსენებთ, რომ TV პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი 6 აგვისტოს პროკურატურაში დაიბარეს. ვატო წერეთლის თქმით, იგი შეკითხვებზე პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინ გასცემდა.

"პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!" - წერს ვატო წერეთელი Facebook-ზე. 

შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რომლებმაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

ამასთან, ავთანდილ წერეთელი და ტვ პირველი იმ წერილშიც ფიგურირებს, რომელზეც მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. წერილში, რომელიც ამჟამად ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, მამუკა ხაზარაძისგან ითხოვენ, რომ "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)", წინააღმდეგ შემთხვევაში წერილის ავტორი ადრესატს რეპუტაციის განადგურებით ემუქრება. 


თარიღი 08.08.2019 12:41  1141