პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ის ყოფილი ოფიცერი დაინიშნა – “რუსთავი 2”



“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში КГБ-ის ყოფილი ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავა არის ბრიგადის გენერალი. იგი 1983-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, 1994-96 წლებში – სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, 1996-98 წლებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში (1996-1998). ასევე, იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს დიმიტრი ლეჟავას დანიშვნის შესახებ.

“დღეს არის სამშაბათი, პრესპიკერის ბრიფინგის დღე. პრესსპიკერი არის შვებულებაში და დაგროვილ კითხვებზე განცხადება დღეს დღის ბოლომდე გავრცელდება”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ არის ასახული ინფორმაცია დიმიტრი ლეჟავას შესახებ, თუმცა პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსით წარსდგა ის 16 აგვისტოს თავდაცვის აკადემიაში, სადაც 93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დიმიტრი ლეჟავამ ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაიკითხა.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ დიმიტრი ლეჟავას დანიშვნა  კითხვის ნიშნებს აჩენს, ერთი მხრივ, მისი კომპეტენციის და მეორე მხრივ, წარსული საქმიანობის გამო.

“ბატონ ლეჟავას წარსული, რომელიც იძებნება ინტერნეტში, დაკავშირებულია საბჭოთა უშიშროების სამსახურებთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლუსტრაციის კანონი არ არის და ჩვენ ასე გაცხადებულად არ გვაქვს გამოქვეყნებული სია, ვინ მუშაობდა რუსულ სპეცსამსახურებთან იმ პერიოდში, მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში უშიშროების სამსახურების სპეციფიკა იყო იმგვარი, რომ მათ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ჰქონდათ  КГБ-ის მოსკოვის სპეცსამსახურებთან. ამიტომ,  ეს დანიშვნა მინიმუმ კითხვის ნიშნის შემცველია. მე კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი მისი კომპეტენციის საკითხსაც. ბოლოს საჯარო უწყებაში ლეჟავა მუშაობდა 2003 წლამდე, თავდაცვის სამინისტრო კადრების უფროსი იყო. რამდენად იცნობს ის თავდაცვისა და უსაფრთხოების დასავლურ  სტანდარტებს, რამდენად არის ინფორმირებული იმ რეფორმებზე, რასაც თავდაცვის უწყება ახორციელებს ნატო-ში გაწევრების კუთხით, რა განათლება და კვალიფიკაცია აქვს, ესეც კითხვის ნიშნის გვეშ დგას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ სავარაუდოდ, სწორედ დიმიტრი ლეჟავა იქნება პრეზიდენტის წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, ექნება დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე და იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შუამავალი რგოლი როგორც თავდაცვის სამინისტროსთან, ისე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან კოორდინაციაში.

“როცა მოხდა შეთანხმება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებთ, გაკეთდა დათქმა, რომ პრეზინეტს ეყოლებოდა საბჭოში  წარმომადგენელი. წესით, მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში იქნება საბჭოში წარმოდგენილი, ვინაიდან ადმინისტრაციაში ის არის ყველაზე კომპეტენტური ამ საკითხში მას შემდეგ, რაც ეროვნული უშიშროების საბჭო აღარ არის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში”, – განაცხადა აქუბარდიამ.


თარიღი 08.20.2019 15:11  945