თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მიზეზი სავარაუდოდ ძაღლების ჩხუბია

9 აგვისტოს 17 წლის ბიჭი ძაღლს ასეირნებდა. სეირნობისას ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა, რომლის პატრონი 37 წლის კაცი იყო. ამ შემთხვევას მოჰყვა შელაპარაკება.

სააგენტო “ინტერპრესნიუსი” და ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, შელაპარაკების შემდეგ არასრულწლოვანი თავის ძმასთან ერთად კვლავ დაბრუნდა ადგილზე დაკარგული ჯვრის საპოვნელად, რა დროსაც კაცმა მას თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ჩიქობავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას მსუბუქი დაზიანებები დაჭრილის ძმამაც მიიღო.

დაჭრილი მოზარდი თავდაპირველად ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა შემდგომ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. დაწესებულების დირექტორის მოადგილის, მარინა გელანტიას თანახმად, ის ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დააკავა კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი ბიჭი, სავარაუდოდ, ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებსა არ საუბრობენ. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 1982 წელს დაბადებული კაცი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თარიღი 08.13.2019 16:15