თემურ წიკლაურის უდიდესი განსაცდელი და ტკივილი



მომღერალი თემურ წიკლაური თითქმის ნახევარი საუკუნეა სცენაზე დგას და თავისი სიმღერებით მსმენელს უდიდეს სიხარულს და სიამოვნებას ჩუქნის.

“იყიდება საქართველო”, “საქართველოს მანანებო”, “გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ”, “უფლისციხესთან”, “იარონ”, “გული არა ბერდება”, “ჰერიო ბიჭებო”, “ყველა ხევსური და ყველა სვანი”, – ეს მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. თემურ წიკლაურის ანგარიშზე 200-ზე მეტი სიმღერა და რამდენიმე მიუზიკლია, მათგან ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო მისთვის მიუზიკლი “ფიროსმანია”:

“სიმღერა “იყიდება საქართველო” 1987 წელს შეიქმნა. მაშინ თითქოს ისეთი არაფერი მოელოდა საქართველოს… ეს ფიროსმანის არია იყო, რომელიც თავის ქვეყანას ტიროდა.” – სამწუხაროდ, ეს სიმღერა საქართველოში სულ უფრო და უფრო აქტუალურია.

მომღერლის მოღვაწეობის საუკეთესო წლები ანსამბლ “ივერიას” უკავშირდება, თუმცა თემურ წიკლაურის სიმღერასთან კავშირი ბავშვობიდან დაიწყო. სულ პატარამ ხალხური სიმღერა შეისწავლა. უცხო ენათა ინსტიტუტში მოხვედრამ კი მისი მუსიკალური მომავალი საბოლოოდ განსაზღვრა – მომღერალი ლეგენდარულ ანსამბლ “ივერიაში” მოხვდა, სადაც ცხოვრების თანამგზავრს ლილი ზღვაურს შეხვდა და უკვე ათეული წლებია ერთად მიუყვებიან ცხოვრების სავალ ბილიკს. წყვილს თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრების განმავლობაში ბევრი სიხარული და ტკივილი შეხვდა. ყველაზე დიდი სიხარული საყვარელი მსმენელისთვის გამართული კონცერტები, წარმატებული გასტროლები, სრული ანშლაგები, შვილების – ქეთის და გიორგის დაბადება იყო, ყველაზე დიდი ტკივილი კი შვილის – გიორგი გარდაცვალება. ბიჭი 6 წლის ასაკში ხარება დღეს გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნია, რომ ეს უფლისგან დაშვებული განსაცდელი იყო, რომელიც ცოლ-ქმარმა მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:

“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა გიორგის დასაფლავების შემდეგ… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც.”

პირადი ტრაგედიის მიუხედავად, თემურ წიკლაური სწორედ სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის უსაზღვრო სიყვარულმა გადაარჩინა. იგი დღემდე უმღერის სამშობლოს, სიყვარულს და მეგობრობას – იმას, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ძვირფასია.


თარიღი 01.23.2020 02:18  4447