თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა



 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელმაც სტუდენტს ფეისბუკის დახურულ ჯგუფში გავრცელებული მიმის და კომენტარებში დაწერილი გინების შემდეგ უჩივლა, განცხადებას ავრცელებს.

წყარო „ნეტგაზეთი“ netgazeti.ge

გიორგი გორაშვილი ამბობს, რომ ჯგუფში, სადაც მიმი გავრცელდა, მისი თითქმის ყველა სტუდენტი, კურსამთავრებული, მეგობარი და კოლეგა – იურისტები არიან გაწევრიანებულნი და სწორედ მათგან შეიწყო, რომ ბუბა ნაჭყებიამ აღნიშნული პოსტი გამოაქვეყნა:

“ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ იურისტების მრავალათასიან ფეისბუქ ჯგუფ – TSU Faculty of Law (2016)-ში, სადაც თითქმის ყველა ჩემი სტუდენტი, კურსდამთავრებული, მეგობარი, კოლეგა – იურისტები (რომელთაგანაც შევიტყვე შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ) არიან გაწევრიანებულნი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ 2019 წლის 30 ივნისს საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი ლანღვა-გინების (დედის გინება) შემცველი პოსტი, რაც არაერთხელ განმეორდა (მათ შორის დღესაც), როგორც ზემოთ აღნიშნულ, ისე სხვა ფეისბუქ ჯგუფში სახელწოდებით TSU Faculty of Law (ფარდის მიღმა)-ში, რომელიც შექმნა უშუალოდ ამ უკანასკნელმა. დღევანდელი მდგომარეობით სტუდენტის მოქმედებამ შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი” – ამბობს გორაშვილი.

გორაშვილი აცხადებს, რომ თავად სტუდენტ ბუბა ნაჭყებიას ლექტორი არ ყოფილა, თუმცა მას თსუ-ის დაცვის სამსახურიდან იცნობდა, რომელსაც გორაშვილი ხელმძღვანელობს ნაჭყებია კი დასაქმებული იყო. რაც შეეხება კომენტარებს გორაშვილი მიიჩნევს, რომ სტუდენტმა პოპულარობის მიღწევის ამორალური გზა აირჩია:

“ის თანატოლებს ამით აჩვენებს, რომ მას შეუძლია ლანძღოს და აგინოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მაგრამ ვფიქრობ გაცნობიერებული არ აქვს რას აკეთებს. რეალურად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში გამოხატავს ჩემი მისამართით, ობიექტური გარემოების გამო ჰქონოდა და ჩემ მიმართ განხორციელებული არაერთი ლანძღვა-გინება მხოლოდ ხულიგნური მოტივაციითაა ნაკარნახევი” – ამბობს ლექტორი.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლანძღვა-გინებისა და ბულინგის მსხვერპლი ბოლო პერიოდში არაერთი ლექტორი გახდა:

“ამიტომაც ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოებას გააჩნია, როგორც ადამიანური, ისე პედაგოგიური და პროფილაქტიკური მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, სასამართლო სხდომაზე დავაყენე შუამდგომლობა, რომ თუ მოცემული ფაქტი ჩაითვლება ადმინისტრაციულ გადაცდომად, სასამართლომ დისკრეციის ფარგლებში დააკისროს პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ გაათავისუფლოს სახდელისაგან. ბუბა ნაჭყებიამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს” – ამბობს გორაშვილი.

 

ფოტოზე, რომელზეც ლექტორი  გიორგი გორაშვილი ბოდიბილდერ ქალთან ერთადაა გამოსახული, ბუბა ნაჭყებიამ დააწერა “როცა ცოლზე ვერ იძალადებ”. როგორც სტუდენტმა “ნეტგაზეთს” უამბო, დახურულ ჯგუფში აღნიშნულ მიმზე კომენტარიც დაწერა, სადაც გორაშვილის მისამართით შეიგინა.

 

 

ამის შემდეგ დაახლოებით 1 კვირაში სტუდენტს შსს-დან დაუკავშირდნენ:

“პოსტის დადებიდან სადღაც 1 კვირაში მირეკავს ვინმე გამომძიებელი ანი და მეუბნება, რომ დამიბარა სამმართველოში, არ მიხსნის, თუ რატომ. თან მირეკავს ისე, რომ იგებს დედაჩემი და იმავე დღეს ნერვული იშემიით გადამყავს საავადმყოფოში. შესაბამისად, გამოცხადებაც ვერ შევძელი. ორ დღეში მირეკავს ისევ და მეუბნება, რომ აი, მაშინ რომ არ გითხარი, ვინ დაწერა განცხადება, ახლა გეტყვიო – გორაშვილმაო. რა თქმა უნდა, მაგის თავი არ მქონდა, რომ მესაუბრა, და ვუთხარი, ცოტა ხანი ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი და გამოეგზავნა ირიდიულ მისამართზე უწყება” ,- იხსენებს სტუდენტი.

მისი თქმით, დედის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ საკითხით დაინტერესდა, თუმცა, ვინაიდან უწყება არ მისვლია და კურსელებსაც არ სჯეროდათ, რომ ლექტორი უჩივლებდა, ხუმრობად ჩათვალა:

“რომ გავიგე, რომ მართლა გამომძიებელი მირეკავდა, მივედი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რასაც ხელი არ მოვაწერე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვითხოვე მისი ჩაბარება, რათა იურისტთან გამევლო კონსურლტაცია, რაზეც უარი მივიღე. ასევე ვთხოვე განემარტა ხელის არმოწერით დამდგარი სმართლებრივი შედეგები. მოკლედ, ოქმის ჩაბარების მოთხოვნაზე, იურისტისთვის რომ მიმეტანა, მტკიცა უარი. წადი, ისე უთხარი, სიტყვაზე გენდობიანო. მეორე დღეს მირეკავს დაახლოებით ღამის 20:00 საათზე და ხვალ არის პროცესიო” ,- იხსენებს სტუდენტი.

როგორც ბუბა ნაჭყებია ამბობს, ამის შემდეგ ლექტორმა “ფეისბუკზე” მისწერა და უთხრა, რომ ის ვერც სამართალს და ვერც სამართლიანობას ვერასოდეს ისწავლიდა.

სტუდენტის თქმით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო და შემდეგი სასამართლო პროცესი 14 აგვისტოსაა დანიშნული.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე თსუ-ის პრესსამსახურს დაუკავშირდა და გიორგი გორაშვილთან დაკავშირება სთხოვა. უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ გორაშვილი რამდენიმე წუთში საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნებს განცხადებას, თუმცა კომენტარი ლექტორს ამ დრომდე (7 აგვისტო, 23:50) არ გაუვრცელებია.

თსუ-ის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ  ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს, თუ თვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ  იურიდიული ფაკულტეტის საბჭო და თსუ-ის ეთიკის კომისია:

“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სტუდენტმა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ლექტორი, რომელმაც გადაწყვიტა სამართლებრივი გზით რეაგირება და სტუდენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლებრივი სანქციების და გადასახადების გარეშე”, – აცხადებენ თსუ-ში.

 

წყარო „ნეტგაზეთი“ netgazeti.ge


თარიღი 08.08.2019 13:26  907